მოვუწოდებ საქართველოს, ომის დანაშაულებზე რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს მოუწოდებს, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს ომის დანაშაულების გამო.

ამის შესახებ ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მიწერილ წერილში წერს. ის ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

“ამ მიმართულებით, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით კრემლის აგრესიის ფონზე. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე“,- აცხადებს ბლინკენი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული, მშვიდობიანი, ევრო-ატლანტიკური  და წარმატებული მომავალისკენ სწრაფვას”.

“აშშ საქართველოს გვერდით იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში”,– წერია ბლინკენის განცხადებაში.