აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს მოუწოდებს, საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში დაეხმარონ.
„საარჩევნო კამპანია, როგორც ხედავთ დაწყებულია და უკვე საკმაოდ დაძაბული რიტორიკაა შესამჩნევი. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოებას უკეთ გააგებინონ, როგორია მათი პლატფორმები ისეთ სააკითხებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა კოვიდ პანდემიის შემდეგ, ეს არის ის საკითხები, რომლის საფუძველზეც ამომრჩეველი უნდა წავიდეს არჩევნებზე და გააკეთოს კარგი არჩევანი საქართველოს მომავლისთვის,“- აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
მან პოლიტიკურ პარტიებს ასევე მოუწოდა, საარჩევნო რეფორმის ეფექტური და სრული განხორციელება უზრუნველყონ, რამაც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უნდა შეუწყოს ხელი.
„ასევე ძალიან მნიშველოვანია საარჩევნო რეფორმის ეფექტური და სრული განხორციელება, რათა შეიქნას საარჩევნო გარემო, სადაც არ ხდება ამომრჩევლის დაშინება, ამომრჩევლის მოსყიდვა და საქართველოში, ოქტომბერში ჩატარდეს ნამდვილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,“ – აღნიშნა ელჩმა.