მოიხსნება თუ არა შეზღუდვები 22 მაისს – ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ 22 მაისს ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

მისი განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების კლების გამო გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა აღდგა და შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ 22 მაისს ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

„ეპიდსიტუაცია იმდენად ცვალდებადია..ჯერ არ გვქონია ჩვენ ისეთი დღე და ისეთი ჯგუფი, როდესაც რამდენიმე დღის მანძილზე არ დაფიქსირებულა ინფექციის ახალი შემთხვევა. აქედან გამომდინარე სრულ მოხსნაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს.

22 მაისამდე ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით. ჩვენ წინასწარ არ ვიძლევით იმის პირობას, რომ 22 მაისს სრულად მოიხსნება ყველა შეზღუდვა. თუმცა დაკვირვება მიმდინარეობს. თუ ჩვენ გვექნება 3-4 დღე სრულად თავისუფალი ახალი ინფიცირებული პაციენტებისგან, მერე გვექნება საფუძველი, რომ საკარანტინო ღონისძიებების სრულ მოხსნაზე ვიმსჯელოთ“, – ამბობს ტიკარაძე იმედის ეთერში.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე მოქმედებს. გაუმჯობესებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, კვლავ მოქმედებს კომედანტის საათი – აკრძალულია 21:00 საათიდან დილის 6-მდე გადაადგილება. ასევე აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და ავტომობილში მძღოლის გვერდით ჯდომა.