მოკვლევა დავიწყეთ ინფორმაციაზე, რომ ფიშერი ხაზარაძისგან ბინას ქირაობს – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს.

“მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.

საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები”. – წერს შემოსავლების სამსახური.