მოლაპარაკებების კომპრომისები რეფერენდუმით გადაწყდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში საბოლოო კომპრომისებს უკრაინელი ხალხი რეფერენდუმით გადაწყვეტს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Suspilne-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი განმარტებით, ეს მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს.

“მოლაპარაკების ყველა ჯგუფს ავუხსენი, როცა ყველა ამ ცვლილებებზე საუბრობთ და ისინი შეიძლება იყოს ისტორიული, ჩვენ არსად წავალთ, ჩვენ წავალთ რეფერენდუმზე. ხალხმა უნდა თქვას და უპასუხოს კომპრომისების გარკვეულ ფორმატებს. რა იქნება ის, უკრაინასა და რუსეთს შორის საუბრისა და ურთიერთგაგების საკითხია. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, თუ ჩემი მსვლელობა იქნება ჩემს ხალხთან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, NATO-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა მზადაა, გახდეს გარანტორი და ყველაფერი გააკეთოს, რისი გაკეთებაც ალიანსს მოუწევდა, უკრაინა რომ მისი წევრი იყოს.

“პასუხი ძალიან მარტივია, ჩვენ უკვე გავიგეთ, არ მიგვიღებენ NATO-ში, რადგან რუსეთის ეშინიათ, სულ ეს არის. ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ და ვთქვათ, “კარგი, მაშინ უსაფრთხოების სხვა გარანტიები”. არიან NATO-ს ქვეყნები, რომლებსაც სურთ, იყვნენ უსაფრთხოების გარანტორები, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ მოგვცემენ ალიანსში 100%-იან წევრობას, მაგრამ მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რისი გაკეთებაც ალიანსს მოუწევდა, ჩვენ რომ მისი წევრები ვყოფილიყავით. ვფიქრობ, ეს ნორმალური კომპრომისია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.