მოლაპარაკებები იმაზეა, ოცნება მზად არის თუ არა, ერთპიროვნული მმართველობა დაასრულოს – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მოლაპარაკებები ეხება იმას, ქართული ოცნება არის თუ არა მზად, ერთპიროვნული მმართველობა დაასრულოს.

“მე რასაც ვუყურებ, პოზიციების თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა. საჯარო განცხადებებს, რასაც ვუყურებ, ხელისუფლება ახლაც არ არის მზად რომ რაღაც დათმობებზე წავიდეს და ჩაბღაუჭებულები არიან ძალაუფლებას და ძალაუფლების ხელიდან გაშვება არ უნდათ. ეგ არის მანდ მთავარი პრობლემა, სინამდვილეში. ეს მოლაპარაკებები არის იმაზე, ოცნება მზად არის თუ არა ეს ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამთავროს ამ ქვეყანაში და დათმოს ძალაუფლება. მაგისთვის მზაობას საერთოდ არ აცხადებენ, ამიტომ არ ვიცი. ბევრი რამეა დამოკიდებული თვითონ დანიელსონი რითი ჩამოდის და იქნება თუ არა განსხვავებული ეს ვიზიტი, წინა ვიზიტისგან”,– ამბობს ჯაფარიძე.

მისივე განცხადებით, ქართული ოცნების წარმომადგენლები საჯაროდ რას ამბობენ, დიდი შინაარსი არასდროს ჰქონია, რადგან “ისინი საჯაროდ ერთს აცხადებენ და რეალურად სხვა რაღაცებს აკეთებენ”.