მოლაპარაკების ალტერნატივა ქვის სროლაა, ამის მომხრე არასდროს ვიქნები – მეგრელიშვილი

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის აზრით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ალტერნატივა ქვის სროლაა, რისი მომხრეც ის არ არის.

“ეს სიტუაცია, რომელიც დღეს არის შექმნილი აქამდე არ იყო და ახლა უფრო მკაფიოდ არის გადაწყვეტილებები მისაღები ოპოზიციაში. ანუ თუ ბოიკოტია, ბოიკოტი უნდა იყოს და ბოიკოტი ვისთვის რას ნიშნავს უნდა თქვას თითოეულმა პარტიამ. უნდა ვთქვათ, როგორ წარმოგვიდგენია ქუჩაში ცხოვრება და ქუჩაში თანამშრომლობა, მაშინ როდესაც ქვეყანა 30 წლის შემდეგ ფაქტობრივად იგივე წერტილს დაუბრუნდა.

თუ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს, უნდა გავარკვიოთ და უნდა გადავწყვიტოთ და საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორი იქნება საქართველოს მომავალი კრიზისში, მაშინ როდესაც ჩვენ ყველანი არ ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან. ჩემთვის არ დასრულებულა მოლაპარაკებები. მოლაპარაკებებს არასდროს არ აქვს ალტერნატივა, ჩემთვის მოლაპარაკების ალტერნატივა, საბოლოო ჯამში, არის ქვის სროლა და ქვის სროლის მომხრე მე არასოდეს არ ვიქნები”, – თქვა მეგრელიშვილმა.

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში არიან შეკრებილები. ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მე–5 რაუნდისთვის ემზადებიან, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაიმართება.