მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციას რამდენიმე დღეში ველოდებით – მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას კომპრომისული წინადადებებით მოლაპარაკებების მაგიდასთან რამდენიმე დღეში ელოდებიან.

მისი მტკიცებით, ხელისუფლებამ კომპრომისული ნაბიჯები უკვე გადადგა.

„მინიმუმ 4-5 პუნქტი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ თავისუფლად, რომელსაც შეიძლება არათუ დაერქვას, ჰქვია კომპრომისული ნაბიჯები. მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, მათ შორის – კომისია და ასე შემდეგ. არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი სიტყვა ჯერჯერობით ოპოზიციისგან ჩვენ არ მოგვისმენია, რა კომპრომისზე მოდიან ისინი. ერთადერთი, რაც მათ თქვეს, არის პლებისციტი, რომელიც ლოგიკასთან ახლოს არ არის.

ეს მათაც იციან. ამას აყენებენ წმინდა ფორმალური თვალსაზრისით. პლებისციტზე კი არა, რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით, თუ ერთპროცენტიან ცდომილებას მაინც ნახავენ არჩევნების შედეგებში, მაგრამ ნებისმიერი რაციონალური, პრაგმატული, კომპრომისული წინადადების შემთხვევაში, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას. მათ ასეთი წინადადება ჯერჯერობით არ უთქვამთ. დღესაც ჩვენ მათ ვეპატიჟებით მოლაპარაკებების მაგიდასთან და ვთხოვთ, მიიღონ პრაგმატული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას. ეს უნდა იყოს ახლო მომავალში. რამდენიმე დღეში ველოდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, თუ ოპოზიციიდან მომდევნო ორი დღის განმავლობაში პასუხები და კომპრომისული წინადადებები არ იქნება, მედიაციის დახმარებით შეძლებენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას.

„ჩვენ მაინც ჩვენი ფასილიტატორი ელჩების, მედიაციის დახმარებით, რომელთა დაკავშირებითაც ბატონმა მიშელმა სურვილი გამოთქვა, შევძლებთ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ. ყოველ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს უნდა იყოს სულ რამდენიმე დღეში. ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ, ბუნებრივია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ