“მოლაპარაკების ჩაშლის საბაბას არ მივცემთ” – ოპოზიცია აქციების ფორმას ცვლის

ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციების ფორმა შეიცვლება, რადგან ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლის საბაბი არ ჰქონდეს.

“ხელისუფლებას კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როცა არის შანსი, რომ მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ ვისაუბრეთ აქციების ფორმატის შეცვლაზე, რომ მოლაპარაკების ჩაშლაზე არ იყოს ლაპარაკი. ეს აქციები დაანონსებულია, მაგრამ ისეთ ფორმას მივცემთ, რომ ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს არ მივცემთ”. – თქვა ენმ–ს წევმა ზაალ უდუმაშვილმა.

ხატია დეკანოიძის განამარტებით, აქციები გაგრძელდება, თუმცა მოდიფიცირებული ფორმით.

“ვისაუბრეთ, მათ შორის იმაზე, რომ არ მივცეთ საბაბი გამოიყენოს ხელისუფლებამ და არასწორად მოხდეს კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე სხვადასხვა აქციების მოდიფიკაციაზე. მოდიფიკაცია იქნება, ვიმსჯელეთ ასევე ფორმებზე. პიკეტირება დღეს არ ყოფილა და პიკეტირება არ იქნება, იქნება სხვადასხვა ფორმით, ამაზე ვიმსჯელეთ და გავაგრძელებთ კიდევ მსჯელობას”,– თქვა დეკანოიძემ.