მოლდოვას არჩევნებში სანდუს პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვა. პრორუსული ოპოზიცია დამარცხდა

მოლდოვას საპარლამენტო არჩევნვებში პრეზიდენტ სანდუს პროევროპულმა პარტიამ – „ქმედება და სოლიდარობა“ (PAS) გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან მოლდოვას პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. პრორუსულმა ოპოზიციამ არჩევნები ისევ წააგო.

ბიულეტენების 99,91%–ის  დათვლის შემდეგ, პარტია „ქმედება და სოლიდარობა“ (PAS) იღებს 50,16%-ს, რაც მას პარლამენტის 101 ადგილიდან 54 მანდატს ანიჭებს.

კიდევ ერთი პროევროპული პოლიტიკური გაერთიანება — ბლოკი „ალტერნატივა“ — წინასწარი მონაცემებით  რვა მანდატს მიიღებს.

პრორუსულმა „პატრიოტულმა ბლოკმა“, ცესკოს მონაცემებით, ხმების 24,19% მიიღო, რაც მას 27 საპარლამენტო ადგილის მანდატის მოპოვების საშუალებას აძლევს.

„პატრიოტულ ბლოკში“ შედიან სოციალისტების პარტია ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით, კომუნისტების პარტია კიდევ ერთ  ყოფილ პრეზიდენტთან, ვლადიმირ ვორონინთან ერთად, ასევე ყოფილი პრემიერის (2001–2008 წლებში) ვასილე ტარლევის პარტია „მოლდოვის მომავალი“.

ამ სამ პოლიტიკურ ძალასთან ერთად პარლამენტში კიდევ ორი პარტია შედის — „დემოკრატია სახლში“, რომელსაც  ნაციონალ-კონსერვატორი ვასილე კოსტიუკი ხელმძღვანელობს. ის  მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანებას უჭერს მხარს. პარლამენტში მოხვდა კიდევ ერთი –  ასევე პოპულისტი რენატო უსატის „ჩვენი პარტია“.

მოლდოვას საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდა.  ბარიერის დასაძლევად პარტიას ხმების  მინიმუმ 5% უნდა მიეღო, ბლოკს კი — მინიმუმ 7%.

კამპანიის მიმდინარეობისას იყო მრავალი სკანდალი და ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებები მოსალოდნელ ფალსიფიკაციებში. კენჭისყრის დღემდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს ათობით ადამიანი, რომლებიც დაადანაშაულეს მასობრივი არეულობების ორგანიზებისთვის მზადებაში.

უკვე შარშანდელი საპრეზიდენტო კამპანიის დროიდან ქვეყანაში ისმოდა ბრალდებები ბიზნესმენ ილან შორის მიმართ, რომელიც ძებნაშია და რუსეთის ტერიტორიაზე იმალება. დამოუკიდებელი გამომძიებლები და მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ე.წ. „შორის ქსელი“ ათობით ათას ამომრჩეველს პირდაპირი ქრთამით აკონტროლებდა.

მედიამ გამოიკვლია დეტალები და გააშუქა შორთან დაკავშირებული ქსელის მუშაობა, რომლის მეშვეობითაც რუსეთიდან მიღებული თანხებით ცდილობდნენ დეზინფორმაციის გავრცელებას.

სანამ ხმების დათვლა დასრულდებოდა, მაგრამ PAS-ის გამარჯვება უკვე აშკარა იყო, დოდონმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა — რადგან სანდუს პარტიას არ ჰქონდა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა. პარლამენტში გასული სხვა ოპოზიციური პარტიები მის პოზიციას არ დაეთანხმნენ. საბოლოოდ სანდუს პარტიამ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.

დღეს დილით „პატრიოტული ბლოკის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხალხს მოუწოდა  პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე გამოსულიყვნენ, რათა  “მათი გამარჯვება დაეცვათ“.  კვირას საღამოს დოდონი და ტარლევი თავიანთი მხარდამჭერებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გასაპროტესტებლად მივიდნენ.

ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მოლდოვას საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

„მოლდოვა, შენ ისევ მოახერხე,“ — დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მან აღნიშნა, რომ მოლდოვამ ერთმნიშვნელოვნად გააკეთა არჩევანი ევროპისკენ, დემოკრატიისა და თავისუფლების სასარგებლოდ. „ჩვენი კარი ღიაა. და ჩვენ დაგიჭერთ მხარს ყოველ ნაბიჯზე. მომავალი შენს ხელშია,“ — დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამაც გამოხატა მოლდოვისთვის მხარდაჭერა ევროკავშირის სახელით.

„მოლდოვის ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და მათი გზავნილი ნათელი და გასაგებია. მათ აირჩიეს დემოკრატია, რეფორმები და ევროპული მომავალი რუსეთის ზეწოლისა და ჩარევის მიუხედავად,“ — დაწერა კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში.

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა მოლდოვის არჩევნების შედეგებზე საუბრისას ახსენა რუსეთი.

„მიუხედავად რუსეთის მასშტაბური ძალისხმევისა დეზინფორმაციის გავრცელებისა და ხმების ყიდვისთვის, ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს ხალხს, რომელიც თავისუფლებისკენ მიისწრაფვის,“ — დაწერა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც აღნიშნა ჩარევის მცდელობები, თუმცა რუსეთი არ დაუსახელებია.

„მიუხედავად ზეწოლისა და ჩარევის მცდელობებისა, მოლდოვის მოქალაქეთა არჩევანი მტკიცედ დადასტურდა. საფრანგეთი უჭერს მხარს მოლდოვას მის ევროპულ გზაზე და თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ მისწრაფებაში,“ — დაწერა მაკრონმა X-ში ჯერ ფრანგულად, შემდეგ კი რუმინულად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაია სანდუს პარტიას გამარჯვება მიულოცა.

„ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობები დამარცხდა, ხოლო მოლდოვა ევროპაში იგებს. რუსეთის დივერსიული ქმედებები, მუდმივი დეზინფორმაცია — არაფერმა ამან არ გაამართლა. მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვამ ეფექტიანად დაიცვა თავი საფრთხეებისგან ყველა იმასთან ერთად, ვინც დაეხმარა,“ — დაწერა მან ტელეგრამში.

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა არჩევნების შედეგებზე კომენტარისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ „ჯერ, ალბათ, თავად მოლდოველებმა უნდა გაარკვიონ ყველაფერი“.

მან ასევე დაამატა, რომ მოლდოვაში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მიიჩნევს, რომ არჩევნები შესაძლოა დარღვევებით ჩატარდა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ „ასობით ათასმა მოლდოველმა ვერ შეძლო ხმის მიცემა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა.

მოლდოვის ცესკოს მონაცემებით, რუსეთში სულ 4109 კაცმა მისცა ხმა.

„შეფასებები უკვე შემდეგ უნდა გაკეთდეს, მას შემდეგ, რაც გავიგებთ, როგორ დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას თავად პოლიტიკური ძალები ამ არჩევნებთან დაკავშირებით,“ — თქვა პესკოვმა.