მოლდოვას პრეზიდენტმა მეორე ვადით კენჭისყრის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა

მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ აპირებს 2024 წელს მეორე ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე, იმ იმედით, რომ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებამდე მიიყვანს.

სანდუმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  გამოაქვეყნა პოსტი ვიდეოს თანხლებით, რომელშიც აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მხარს უჭერდა ევროინტეგრაციას და მოახერხა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

„მე პირობა დავდე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ევროინტეგრაციის მისიის დასასრულებლად. მე მივიღე ამ გზაზე მონაწილე სახელმწიფოების მხარდაჭერა და მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, ძვირფასო მოლდოველებო, წარმატების მისაღწევად. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადასადგმელი და გპირდებით, რომ გავაგრძელებ, თუ 2024 წელს ახალ ვადაში ნდობას გამომიცხადებთ“, – დაწერა მან.

სანდუმ თხოვნით მიმართა პარლამენტს, მომავალი წლის შემოდგომაზე დააინიციროს რეფერენდუმის ორგანიზება (ევროკავშირის წევრობის შესახებ).

14 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებაზე.

სანდუ მოლდოვას პრეზიდენტი 2020 წლის ბოლოს გახდა. მოლდოვას ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მოლდოვამ, ისევე როგორც უკრაინამ, ევროკავშირს გაწევრიანებისთვის მიმართა.

მეზობელ ქვეყანაში ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა მოლდოვას, რომელმაც მიიღო ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი (112 000 დარჩა ქვეყანაში UNHCR-ის მიერ 17 დეკემბრის მდგომარეობით შედგენილი მონაცემებით, მაგრამ უკრაინასთან საზღვრის გადაკვეთის საერთო რაოდენობა უფრო მეტი იყო). ბევრი ან დაბრუნდა სამშობლოში ან მოგვიანებით წავიდა მესამე ქვეყნებში, გარკვეულ მომენტში ენერგომატარებლების ფასები მკვეთრად გაიზარდა. სანდუმ რუსეთი დაადანაშაულა სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში მისი მთავრობის დასამხობად.