მომავალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, როგორც ეს შეთანხმებული იყო – ლუიზა ვინტონი

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების პირობები შესრულდეს. მისი თქმით, ამ პირობების შესრულება პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა და არ არის დამოკიდებული საერთაშორისო საზოგადოებაზე.

„ამ მხრივ შემიძლია გავიმეორო მხოლოდ ის, რასაც საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომლებმაც ნათლად აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმების პირობების შესრულება და ეს არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა და არ არის დამოკიდებული საერთაშორისო საზოგადოებაზე. ამ შეთანხმებამ ძალიან დაძაბული პოლიტიკური ვითარება დაამშვიდა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ პირობების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ყველა კონცენტრირებულია ადამიანების ჯანმრთელობის პანდემიისგან დაცვასა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებაზე, მაგრამ იმისთვის რომ საქართველოს პასუხი ამ გამოწვევებზე ისეთივე ძლიერი იყოს როგორც აქამდე, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სისტემა მყარი იყოს. ამასთანავე, იმისთვის, რომ პარლამენტში უთანხოება ამოწურული იქნეს, მომავალი არჩევნები უნდა ჩატრდეს ისე, როგორც ეს შეთანხმებული იყო,“- განაცხადა ლუიზა ვინტონმა.