მომავალი არჩევნები, ძალის გადანაწილება – შარლ მიშელის ოფიციალური დოკუმენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მისაღებია, თუმცა ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ. უცნობია ქართული ოცნების პოზიცია.

ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება, უკვე გამოქვეყნდა.

პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, შეთანხმების მიღწევისთვის, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში გადადგან ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს.

მეტიც, პარლამენტმა პოლიტიკურად აღქმული საკითხები საკანონმდებლო დონეზე უნდა განიხილოს და პარლამენტის რეგლამენტში საჭიროებისამებრ შეიტანოს ცვლილებები, რომ დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად უბრალო უმრავლესობაზე მეტის მხარდაჭერა იყოს საჭირო.

ვადები:

  1. შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები, მიღებულ იქნას საჭირო ზომები.
  2. ამის შემდეგ, ყველა ხელმომწერი უნდა შევიდეს პარლამენტში, რათა ხმა მისცეს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს და პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებას.

 ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპოციული წესით. მომდევნო ორ საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი ბუნებრივი – 0%-დან 2%-მდე უნდა იყოს.
  • პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდან;
  • პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, ამ დამატებებით ან შესწორებებით:
  • ადგილობრივი არჩევნები: ხუთ დიდ ქალაქში პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია და 2/1 პროპორცია დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, თბილისს გარეთ კი ყველგან 3% ბარიერი;
  • ცესკო: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი. პროფესიული წევრები პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით აირჩევა. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს;
  • საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების 2/3;
  • საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ, რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ. პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალო უმრავლესობას +1 ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს მინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი;
  • ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით;
  • უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება;

ვადები:

  1. საარჩევნო კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში განახლდება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ.
  2. შეთანხმების მიღწევიდან ორი კვირის განმავლობაში შეცვლილი კანონპროექტი, რომელიც ამ შეთანხმებას სრულად ასახავს, გაიგზავნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (OSCE/ODIHR) დასკვნის მისაღებად;
  3. ყველა საჭირო ცვლილება პარლამენტმა უნდა მიიღოს დროულად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.  

კანონის უზენაესობა / სასამართლო რეფორმა

სასამართლო რეფორმის გატარების ვალდებულება პარლამენტს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის ასამაღლებლად აქვს.

  • კიდევ უფრო გაზარდოს გამჭვირვალობა და დანიშვნისთვის აუცილებელი კრიტერიუმების საფუძვლები;
  • პარლამენტს წარუდგინოს კანონმდებლობის პროექტი უზენაეს სასმართლოში დანიშვნის შესახებ;
  • თავი შეიკავონ უზენაეს სასამართლოში დანიშვნისგან არსებული წესების შესაბამისად;
  • მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას;
  • შეჩერდეს უზენაესი სასამართლოსთან დაკავშირებით მიმდინარე დანიშვნები.
  • გატარდეს იუსტიციის საბჭოს არსებითი რეფორმა.
  • ღია გახდეს თანამდებობებზე დანიშვნების, დაწინაურებების კრიტერიუმები უმაღლეს თანამდებობებზე;
  • სრულად იქნას გათვალისწინებული ეუთო/ოდირის რეკომენდაციები აღნიშნულ პროცესებში.
  • გაისაზღვროს გენერალური პროკურორების დანიშნვნა საეთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
  • დანიშნვნის პროცედურული ფორმები:

ვადები:

1. პირველი ორი მცდელობა საჭიროებს კვალიფიციურ უმრავლესობას. შემდგომი მცდელობები კი მოითხოვს უბრალო უმრავლესობას.
2. ხმას მიიღებს წინა კენჭისყრიდან არა უადრეს 4 კვირისა.

ძალის გადანაწილება პარლამენტში

ოპოზიციონერი დეპუტატები უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან:

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი;
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;
  • საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი;
  • საგარეო საქმეთა კომიტეტი.

ამასთან, ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ ერთი წარმომადგენელი შემდეგ დელეგაციებში: Euronest, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და OSCE (ეუთო).

სამომავლოდ სხვა პოზიციები განაწილდება ისეთი ინკლუზიური ფორმულის გამოყენებით, როგორიცაა D’Hondt მეთოდი, პარტიები იზრუნებენ “ჟან მონეს დიალოგის” ფორმატის შექმნაზე ევროპარლამენტთან.

ვადები:

ხელმომწერებმა 1 კვირაში დაიწყონ პროცესი, რომ განისაზღვროს ძალთა გადანაწილება პარლამენტში ცვლილებებით, რომელიც ძალაში შევა 2021 წლის შემოდგომის სესიის მოწვევისთანავე.

მომავალი არჩევნები

თუ “ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 43%–ზე ნაკლებს აიღებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასევე, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის აუცილებელია რომ მომავალი არჩევნების ფარგლებში, სადამკვირვებლო მისიები მონაწილეობდნენ.

მხარეები აცნობიერებენ, რომ სხვადასხვაგვარად შეაფასეს 2020 წლის არჩევნები და თანხმდებიან, რომ გამოიყენებენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებს და მიიღებენ მონაწილეობას მომავალ არჩევნებში შესაბამისი საარჩევნო რეფორმის გატარების შემთხვევაში (რომელიც აღწერილია დოკუმენტში)”.

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.

ვადები:

  • პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებულია დოკუმენტისთვის ხელმოწერისთანავე.