მომავალი კვირიდან “სინოფარმით“ ვაქცინაციაზე ადგილები თანდათან გაფართოვდება-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ თბილისში ჩინურ ვაქცინა „სინოფარმზე“ ახლა ადგილები აღარ არის, თუმცა  მომავალი კვირიდან, ადგილები თბილისში თანდათან გაფართოვდება, გარდა ამისა,  14 მაისისთვის მორჩება ვაქცინაცია მეორე დოზით „ფაიზერზე“ და კლინიკები, რომლებიც დღეს „ფაიზერით“ აკეთებენ აცრას,  „სინოფარმზე“ გადაერთვებიან.

გამყრელიძის თქმით, სინოფარმით  ვაქცინაციისთვის გადამზადებულია დააახლოებით 70 ჯგუფი, რომლებიც 4 მაისიდან დაიწყებენ აცრებს.

„17 000-მდე ადამიანს აქვს დაჯავშნილი ადგილი „სინოფარმზე“ 4 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით. ეს არც ცოტაა და არც ძალიან ბევრია, უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული განსაკუთრებით რეგიონების მოსახლეობა. „სინოფარმის“ ადმინისტრირება შედარებით ადვილია, რადგან ერთდოზიან ფლაკონებშია და დანაკარგი თითქმის არ იქნება. ამ ეტაპზე გარდა ჰოსპიტლებისა, ჩაერთვნენ დიდი პოლიკლინიკები და ეს თანდათან უფრო გაფართოვდება.  ამჟამად ჩვენ ამცრელი კაბინეტები სრულად მოვამარაგეთ „სინოფარმის“ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით.   სადღაც 14 მაისისთვის მორჩება ვაქცინაცია მეორე დოზით „ფაიზერზე“ და ის კლინიკები, რომლებიც დღეს „ფაიზერზე“ აკეთებენ აცრას, გადაერთვებიან „სინოფარმზე“  პარალელურად დაემატება ამცრელი ჯგუფები. თითო ჯგუფი დღეში სავარაუდოდ, 42-დან 50-მდე ადამინს ცრის. სამწუხაროდ, რეგიონებში მიმართვიანობა არ არსი დიდი და ბევრი მუშაობა გვმართებს, რომ ადამიანები უფრო აქტიურად ჩაერთონ. დღეს თბილისში არ არის ადგილები, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ რეგიონებში არის ადგილები, სადაც „ასტრაზენეკაზეც“ და „სინოფარმზეც“ შეიძლება ჩაწერა და აცრა“  – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „სინოფარმს“ განსაკუთრებული უკუჩვენებები არ აქვს, თუ ვინმეს პირველ დოზაზე მწვავე ალერგიული რეაქცია ექნება, ეს არის ერთ-ერთი წინააღმდეგ ჩვენება.

„ასევე საწინააღმდეგო ჩვენება გახლავთ არაკონტროლირებადი ეპილეფსია, ასევე თუ ადამიანს აქვს მძიმე ქრონიკული დაავადება დეკომპენსირებულ სტადიაში. ამ შემთხვევაში, როცა ექიმთან მივა ადამიანი, მას შეიძლება უთხრან, რომ გადადოს ვაქცინაცია ან თავი შეიკავონ, ვიდრე შესაბამისი კონსულტაციები არ ჩატარდება.“ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.