ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მომავალ პრემიერ-მინისტრს ახასიათებს და ამბობს, რომ ის მისი პარტიის წევრი უნდა იყოს.
“ის უნდა იყოს ძლიერი გუნდის ლიდერი და უნდა ჰქონდეს ხედვა ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან როგორ გამოიყვანს ქვეყანას. ეკონომიკაში როგორ დაწევს გადასახადებს, როგორ გაუადვილებს ცხოვრებას ჩვენს მოქალაქეებს. როგორ გადატეხავს სასამართლში იმ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენ ვერ მოვიშორეთ და როგორ წაიყვანს ქვეყანას თავისუფალი სამყაროსკენ. მოკლედ, ახლა, რომ დაგიხასიათოთ, როგორი უნდა იყოს, “ევროპული საქართველოს” წევრი უნდა იყოს”,- ამბობს ბოკერია.
მისივე განცხადებით, ევროპული საქართველოს მიზანია, კოალიციაში სიმძიმის ცენტრი იყოს, თუმცა კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, რომელი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე რა შედეგს მიიღებს და ამ თვალსაზრისით, ვის რა წონა ექნება.
“ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თავისი ფავორიტი ეყოლება, მათ შორის კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, ვინ რა შედეგს მიიღებს და ვის რა წონა ექნება. საბოლოოდ, ეს კომპოზიცია იმის მიხედვით შედგება, ვინ რა წონას მოიპოვებს. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, რომ ამ კოალიციაში სიმძიმის ცენტრი ჩვენ ვიყოთ, სხვების ამოცანაა, რომ ისინი იყვნენ. ეს მოგვიანებით გაირკვევა, მაგრამ რამდენად სწრაფი რეფორმები გატარდება და რაზე ვართ უკვე შეთანხმებული იმის მიუხედავად, ვის რა წონა ექნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნავს ბოკერია.