მომავალ წელს 9 მაისს აქ ჩამოვლენ – მარგარიტა სიმონიანი საქართველოსთვის ვიზების გაუქმებით კმაყოფილია

“მომავალ წელს 9 მაისს აქ ჩამოვლენ” – ასე ეხმაურება კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა.

”გუშინ განვიხილავდით, რა სწორად იქცევა ახლა საქართველო და რომ დროა ავიამიმოსვლა და უვიზო მიმოსვლა აღვადგინოთ. და აჰა, აღადგინეს. ძალიან სწორია.
პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა, თავად ქართველებმა დააპატიმრეს, სანქციებს არ შეუერთდნენ, მეორე ფრონტი არ გახსნეს, თუმცა თირკმელებში ურტყამდნენ ძლიერად, რომ ეიძულებინათ გახსნა. ასე რომ, მომავალ წელს 9 მაისსაც ჩამოვლენ აქ.[…] მოსკოვის ქართული რესტორნები დღეს გადატვირთული იქნება. ”-წერს ტელეგრამზე მარგარიტა სიმონიანი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებას ხელი მოაწერა.

აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას “მორიგი რუსული პროვოკაცია” უწოდა.

”მორიგი რუსული პროვოკაცია! ფრენების აღდგენა და საქართველოსთან ვიზაზე შეზღუდვის მოხსნა მიუღებელია მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში აგრესიას აგრძელებს და ჩვენი ქვეყანა ოკუპირებული აქვს.”-დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე.