“მომიწია მენახა, როგორ უყურებენ ოჯახის წევრები ტელეფონიდან დედების, შვილების, დებისა და ძმების სიკვდილს“–ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი Covid19–თან ბრძოლაზე

“მართლა ძალიან ბევრი რამ გამომივლია, მაგრამ ამგვარი სევდა და სასოწარკვეთა არასოდეს მინახავს. ამ დღეებში მომიწია მენახა, როგორ უყურებენ ოჯახის წევრები ტელეფონიდან დედების, შვილების, დებისა და ძმების სიკვდილს. გარდა იმისა, რომ მათ ვუვლით, ოჯახებთან დაკავშირებაშიც ვეხმარებით – ვალდებული ვართ პაციენტი ოჯახს დღის განმავლობაში რამდენჯერმე დავაკავშიროთ ან ჩვენ თვითონ მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია მათ ახლობლებს. ოჯახის წევრები გვჭირდება იმისთვისაც, რომ შევაფასოთ, ხომ არ არის შეცვლილი მათი მენტალური სტატუსი დაავადებამდე პერიოდთან შედარებით.“ – განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა, რომელიც ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტალში მუშაობს. ეს კლინიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-სამედიცინო ცენტრია, რომელიც კოვიდ-19-თან ბრძოლაშია ჩართული. მაიმონდის ჰოსპიტალი ათასობით სხვა ამერიკულ ჰოსპიტალს შორის სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლებითა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩევა. მათ ბოლო კვირების მანძილზე ასეულობით დაინფიცირებული პაციენტი მიიღეს.  ნანა გეგეჭკორმა თავადაც გადაიტანა ცოტა ხნის წინ კორნავირუსი და მალევე დაუბრუნდა საქმიანობასთან.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ნანა გეგეჭკორი მის გამოცდილებაზე და კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებზე ყვება.

“ამერიკულ ჰოსპიტლებში, რეანიმაციაშიც კი, პაციენტს შეუძლია მოითხოვოს თავის გვერდით ახლობლების ყოფნა, თუმცა, კოვიდ-19-ის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, კლინიკა სრულიად დაიხურა გარეშე პირებისთვის. პაციენტებს სიცოცხლის ბოლო წუთების გატარება სამედიცინო პერსონალთან უწევთ, რომლის სახესაც ვერ ხედავენ და რომლის პეიჯერიც გაუთავებლად ციმციმებს. ეს ციმციმი ნიშნავს, რომ იმ მომენტში ექიმი, მის გარდა, სხვებსაც გადაუდებლად სჭირდებათ.

მენტალური მდგომარეობის ცვლილება ახსენეთ. რამდენად ხშირი და მძიმეა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცვლილება?

საკმაოდ ხშირია და მძიმეც. მაგალითად, ახლა მყავს 70 წლის პაციენტი ქალი, რომელსაც ჰგონია, რომ ორსულადაა. მყოლია ისეთები, რომლებიც ჰალუცინაციებით იყვნენ, აჟიტირებულები და ვერ ისვენებდნენ. ამ ყველაფერს, სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად, ტვინში ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს. რაც უფრო მძიმეა ჰიპოქსია, მით მეტადაა გამოხატული ცვლილებები.

ასევე, არაერთი პაციენტი მიამბობდა, რომ მათზე ძალიან მძიმედ იმოქმედა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გატარებულმა საათებმა. ყველა პაციენტი ჰოსპიტალში შემოსვლის პირველ საათებს იქ ატარებს, სანამ ელოდება პირველადი კვლევის შედეგებს. იმ გარემოში უამრავი უმძიმესი პაციენტი ერთად იყრის თავს. ზოგი მძიმედ ახველებს, ზოგი გონებას კარგავს, შეიძლება ვინმე შენს თვალწინ გარდაიცვალოს და ამ ყველაფრის გადატანა, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის. ჩვეულებრივ მდგომარეობაში პაციენტის პირადი სივრცე ამ გარემოშიც კი იზოლირებული და შედარებით დაცულია ამგვარი სტრესისგან, მაგრამ ახლა, ნაკადის სიმრავლის გამო, სიტუაცია ძალიან განსხვავებულია.

რას ჰგავს თქვენთვის კოვიდ-19-თან ურთიერთობა: გადატანილ ომს, ემიგრანტის მარტოობას, ყველაფრის თავიდან დაწყების სირთულეებს?

ალბათ, ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც აქამდე გამომიცდია და მეტსაც. ყველა გამოჯანმრთელებულ პაციენტს ენით აღუწერელი სიხარულისა და სიამაყის განცდა მოაქვს, რომლის მსგავსიც აქამდე, მგონი, არც განმიცდია. მეორე მხრივ, ზოგჯერ ღამე მაღვიძებს ის უსიამოვნო შეგრძნებები, რასაც სიკვდილი, ვირუსთან დამარცხება და წაქცევამდე დაღლილობა ტოვებს. ვცდილობ, კოლეგებთანაც კი არ ვილაპარაკო იმ სირთულეებზე, რაც ამ ყველაფერს ახლავს თან, რომ ტკივილი არ განვიახლო. ასეთი ბევრია, პროფესიულთან ერთად პირადიც – დაწყებული იმით, რომ შვილები არ მინახავს, უკვე ორი თვეა, დამთავრებული დამცავი აღჭურვილობით გამოწვეული ჭრილობებით, რომელიც საშინლად გეწვის.

როცა ექიმის პროფესიას ირჩევ, მეტ-ნაკლებად ამ ყველაფრისთვის მზად ხარ, თუმცა არ ელოდები, რომ ასეთი მაღალი დოზით და მოკლე დროში მოგიწევს ამდენი სირთულის გადატანა. და, მიუხედავად ამისა, ადამიანები რომ არ იღუპებოდნენ, ვიტყოდი, რომ ეს არის ყველაზე საინტერესო პერიოდი ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. მე თვითონ ვერთვები ახლა ორ კვლევაში, რომლებიც ამ ახალი დაავადების პათოფიზიოლოგიურ და კლინიკურ სურათს შეისწავლის, ასევე დააკვირდება სუნთქვის უკმარისობის მკურნალობის ტაქტიკების გავლენას შედეგებზე და მაქვს სრულფასოვანი შეგრძნება, რომ ჩემი გავლილი გზა სხვებისთვის სასარგებლო ცოდნად და გამოცდილებად იქცევა მომავალში.

ვერც წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა პროფესიულ ცხოვრებაში ასეთი დატვირთული ეტაპი მქონოდა. წელიწად-ნახევარში გადავაბარე სამი საკვალიფიკაციო გამოცდა, რისთვისაც ადამიანები წლობით სწავლობენ და წარმოუდგენელი ინტენსივობით ვემზადებოდი, დღეში 16 საათს ვმეცადინეობდი უწყვეტად, მაგრამ ის, რასაც ახლა ვსწავლობთ, არაფერს შეედრება. ყოველი პაციენტი არის ახალი გადაშლილი წიგნი, რომელსაც ცარიელი ფურცლები აქვს და მის ჰოსპიტალში ყოფნის ბოლო დღემდე შენ ავსებ მათ.

ის სიმძიმე, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, – უამრავი გარდაცვლილი და მხოლოდ მძიმე პაციენტებით სავსე კლინიკები, საწოლების ორჯერ გაზრდილი რაოდენობით, – საქართველოსთვის, საბედნიეროდ, ჯერ უცხო რეალობაა. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ კონტაქტი აქ მყოფ ექიმებთან, რომლებიც კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობენ. რა იცით საქართველოში ამ ვირუსთან ბრძოლის შესახებ?

ექიმების ნაწილთან, მართლაც, გვაქვს ძალიან ჯანსაღი კომუნიკაცია, თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით ღირებულ მონაცემებთან არ მიგვიწვდება ხელი. არ ვიცით, რამდენი მძიმე პაციენტი გყავთ, რა კრიტერიუმებით ახარისხებენ პაციენტებს სიმძიმის ჯგუფებში, ვინ როდის გადაჰყავთ ხელოვნურ სუნთქვაზე, რამდენ ხანს გრძელდება კრიტიკული პერიოდი, რამდენ ხანს რჩებიან ჰოსპიტალში – ამ მონაცემების გარეშე შეუძლებელია რაიმეს თქმა ზოგად სიტუაციაზე.

საქართველოს განსხვავებული სტატისტიკა აქვს და ჩვენ ყველას გულწრფელად გვაინტერესებს კლინიკური კვლევები, რომ გავიგოთ, რითია ეს ციფრები გამოწვეული: მსუბუქი პაციენტების სიმრავლით თუ რაიმე განსაკუთრებით ეფექტური მკურნალობის მეთოდით. მეც და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ საჯაროდ ვითხოვეთ ამგვარი კვლევების თუნდაც წინასწარი შედეგების გაცნობა.

ყველა ერთმანეთის გამოცდილებიდან ვსწავლობთ და ეს გამოცდილებები, თავის მხრივ, ძალიან განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ქართველი ექიმების გამოცდილებაც იყოს გაზიარებული.

საქართველოს მონაცემებზე ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით. კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები.

ჩვენ როცა კითხვებს ვსვამთ ან სხვადასხვა საკითხზე ვმსჯელობთ, გვეუბნებიან, რომ ჭკუას ვასწავლით ვინმეს და ამერიკაში მაღალ სიკვდილიანობას გვახსენებენ. არც ჭკუას ვასწავლით ვინმეს და არც სიკვდილიანობა გვაქვს განსაკუთრებით მაღალი, თუ გავითვალისწინებთ ინფიცირებულთა სიმრავლეს და სიმძიმეს. ჩვენს პირად სივრცეში გამოთქმული აზრი ან დასმული კითხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულის სტატუსად გვიჯდება. არაერთი ექიმი გვწერს საქართველოდან, რომ გვგულშემატკივრობს, როცა ხედავს ტროლებისა და მოხალისეების მიზანმიმართულ შეტევას ამერიკაში მყოფ ქართველ ექიმზე ან იგებს ჩვენთვის გამოგზავნილი მუქარის წერილების შესახებ, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ამბობს იმის გამო, რომ ეშინია პრობლემები არ შეექმნას. ეს, მართლაც, პრობლემაა, როცა ექიმებს ექიმებთან ღიად საუბრის საშუალება შეზღუდული აქვთ.

წყარო: რადიო თავისუფლება