“მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში..” – იმერეთის სამხარეო პოლიციის გამომძიებელი, ზურაბ ხმელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ამხელს და “მთავარ არხთან” სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
გამომძიებელი უკანონო დავალებების შესრულებაზე უარს ამბობს და უწყებას ტოვებს. სამმართველოს უფროსი დეტექტივი პირდაპირ ამბობს, რომ დავალებები, რომელსაც სამართალდამცველები ზემდგომებისგან იღებენ, დისკრიმინაცუული და უკანონოა.
ხმელიძე შესაძლოა არ იყოს ერთადერთი, რადგან, მისი თქმით, პროტესტის გრძნობა მის არაერთ თანამშრომელს აქვს.
” მინდა გავაკეთო განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტამდე მიმიყვანა იმ გარემოებამ რაც ხდება ნამოხვანში. სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, ქალბატონ მაკა სულაძეს და იქ მდგომ თითოეულ ადამიანს, რომლებსაც უკანონოდ ელახებათ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აქვთ თავიანთ სახლში გადაადგილების საშუალება. პოლიციის მიერ, ანუ, ჩემს მიერაც, მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდნენ რეალურად იქით, აქვთ სახლები და ჰყავთ შვილები, ვუზღუდავდით თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ძაან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზე, სინდისზეც, ნამუსზეც. როდესაც უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა თუნდაც ქვეყნისთვის და შენ ამას უზღუდავ” – ამბობს ხმელიძე.