ამ ერთპარტიულ პარლამენტში შესვლა ისეთი მორალური დეგრადაციაა, ელისაშვილიც კი მეცოდება ამისთვის, ვურჩევ, დაფიქრდეს – “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ოპოზიციურ ერთიანობას ერთი ძალა ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეების” ორი დეპუტატი გამოაკლდა.
“ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ გაყალბებული არჩევნები დაკანონებას არ მოახდენს, გამონაკლისი არის ორი ადამიანი – ბატონი ელისაშვილი და ბატონი იოსელიანი, რომლებიც დღეს უკვე აპირებენ ამ პარლამენტში შესვლას. გაზაფხულზე საქართველოს ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, სადაც იქნება “ქართული ოცნების” 90 დეპუტატს + ალეკო ელისაშვილის ორი დეპუტატი. დღეს ერთპარტიულ პარლამენტში შესვლა ისეთი მორალური და პოლიტიკური განადგურებაა, რომ ელისაშვილიც მეცოდება ამისთვის, ამიტომ ვუსურვებდი, არ შესულიყო, მაგრამ როგორც ის დღეს იქცევა და რასაც ამბობს, როგორც ჩანს, შევა, მის გზაზე გაუმარჯოს. როცა ის შეხვდება მის ამომრჩეველს საბურთალოზე, რომელმაც ხმა მისცა იმიტომ, რომ ივანიშვილი და გაყალბებული არჩევნები არ უნდოდა, იმათ ჩახედოს თვალებში და აუხსნას, თორემ კობახიძეს და თალაკვაძეს რომ უყურებს თვალებში, ეს ვიცი”, – ამბობს დავით ბაქრაძე.