“მოსამართლეობა ადამიანმა შეიძლება ისურვოს გაცილებით მოწიფულ ასაკში“–წულუკიანი უარყოფს რომ საკონსტიტუციოს თავმჯდომარედ ინიშნება

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეიმედის ეთერში უპასუხა კითხვას, რეალურია თუ არა ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მისი დანიშვნის შესახებ. წულუკიანი ამბობს, რომ ეს თემა ნაციონალურმა მოძრაობამ გამოიგონა და სინამდვილეში ის მოსამართლეობას არ აპირებს:

“მათ გამოიგონეს თემა, რომელიც ჩემთვის დილით იყო სიურპრიზი. და შემდეგ აკეთებინეს ხალხს კომენტარები და იმ ხალხს, ვინც კომენტარი აკეთა არ დაეზარათ კომენტარის კეთება. მე მინდა მათ ვუთხრა – ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად.

ამაზე საუბარიც არ ყოფილა. აქვე ვიტყოდი, რომ მე მაქვს  გეგმა, რაც მათთვის კიდევ უფრო უსიამოვნოა, მე ვაპირებ რომ ამ არჩევნებში ძალიან აქტიურად ვიყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და თუკი მათ ლოგიკის უნარი შერჩენიათ ერთი გამორიცხავს მეორეს.

აქედან გამომდინარე, ჯობს ალბათ რომ ისინი მოემზადონ წინასაარჩევნო კამპანიისთვის და ეს მართლაც ანომალიური ენერგია არ დახარჯონ არარსებულ თემებზე. რაც შეეხება სამოსამართლო პოზიციას, მე ევროპულ სასამართლოში ნამუშევარი ვარ და მაინც იქაურ მიდგომას ვიზიარებ, რომ მოსამართლეობა ადამიანმა შეიძლება ისურვოს გაცილებით მოწიფულ ასაკში.“–თქვა წულუკიანმა.