მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა

პროევროპული აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პატიმრობაში დატოვა. გალუსტაშვილმა დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა – არ შეცალა აღკვეთის ღონისძიება.

სხდომა ბრალდებულების შუამდგომლობით დაიწყო, რომლებმაც სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატების აცილება მოითხოვეს. მათ ნდობა მხოლოდ კერძო ადვოკატებს გამოუცხადეს.სახაზინო ადვოკატებმა  მხარი დაუჭირეს ბრალდებულთა მოთხოვნას, რადგან ადვოკატსა და კლიენტს შორის ნდობა აუცილებელი ფაქტორია.

გალუსტაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ბრალდებულების ნების საწინააღმდეგოდ, მათ საზოგადოებრივი ადვოკატებიც დაიცავენ.

  • “აქ ბრალდებულებს ზოგს ორი ადვოკატი ჰყავს, ზოგს სამი, ზოგს ოთხი. ჩვენ გვაწერია ისეთი საქმეები, რომელთა უფლებებს ვიცავთ, რომელთაც მომკითხველიც კი არ ჰყავს. აქ დღეს დარბაზი პრაქტიკულად გადაჭედილია, უამრავი მხარდამჭერი ჰყავთ. ჩვენ ისეთი ადამიანების დაცვა გვიწევს, რომლებსაც მომკითხველიც კი არ ჰყავთ. ვემსახურებით მათ უფასოდ, ზედმეტი დრო და რესურსი არაა საჭირო, რომ დაიხარჯოს. მით უმეტეს, კვალიფიციური ადვოკატები ჰყავთ და პირად კომუნიკაციაშიც არ შემოდიან” – მიმართა საზაზინო ადვოკატმა ირაკლი ბენიამ გალუსტაშვილს. 

“აცილების საფუძველი არ არსებობს, საქმეს განვაგრძობთ საზოგადოებრივი ადვოკატების მონაწილეობით და ამ საკითხს აღარ დავუბრუნდებით”. – განაცხადა გალუსტაშვილმა.

სხდომაზე ბრალდებულებმა კვლავ განაცხადეს, რომ სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, რადგან მათი ნდობა მხოლოდ კერძო უფლებადამცველებს აქვთ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო მომდევნო პროცესი მოწმეთა გამოკითხვის ეტაპით გაგრძელდება.11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.