“მოსაწყენი იქნება, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ, ვკითხულობ სტატუსებს და მეშინია ამ აგრესიის”- ასე ეხმაურება, მომღერალი ირმა სოხაძე პრაიდის კვირეულს. მისი თქმით, განსხვავებული ადმაიანების მიმართ მიმღებლობა და პატივისცემა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ, ირმა სოხაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
„მე ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ყველა ჩემნაირი არ შეიძლება იყოს, მოსაწყენი იქნება, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ. ბევრი მათგანი ჩვენზე ნიჭიერია, განათლებულია, რას ნიშნავს, არ მივიღოთ? მინდა ვთხოვო უმრავლესობას, ვიყოთ უფრო ლაღები, თავისუფლები, ნუ ვიძაბებით, ნუ ვძალადობთ. ნუ ვესვრით ნურავის ნურც კვერცხს, ნურც პომიდორს და, მით უმეტეს, ტყვიასა და ქვას. ის ასეთია, ჩვენ ასეთი ვართ. ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ერთმანეთს ტაბურეტებით და ქვებით ვსდიოთ.
რას ითხოვს ეს ხალხი ისეთს, რომ გვეზიზღება, რატომ გვეზიზღება ადამიანი, რომელსაც ჩვენთვის არაფერი დაუშავებია; უბრალოდ ასეთია და უნდა ამაზე გამოთქვას აზრი ლაღად, მე მგონია, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არ დაარღვევენ, არაფერს მიუღებელს, აღმაშფოთებელს და შეურაცხმყოფელს არ გააკეთებენ, მართლა ვერ ვხვდები. სტატუსებს ვკითხულობ, კომენტარებს ვკითხულობ და მეშინია ამ აგრესიის. ამის უფრო მეშინია, ვიდრე იმ რამდენიმე ექსტრემალის, რომ გამოვარდება და ქვას ისვრის. მასობრივი ზიზღია საზოგადოებაში, არა მარტო ლგბტ თემის მიმართ, ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანის მიმართაც, განმასხვავებელი ნიშნების მიმართაც, ვერ ვიტანთ სხვანაირს, ჩვენნაირსაც ვერ ვიტანთ. ეს ვერატანა არის ზედოზით და ამის გაცილებით უფრო მეშინია, ვიდრე დანარჩენის… ზიზღი ადამიანის მიმართ, თუ ქვეყანა არ აგიწიოკა და ახლობელი არ დაგიშავა, ჩემთვის სამარცხვინოა”, – ამბობს ირმა სოხაძე.