“ძალიან მაინტერესებს, დღეს ვინც მისცემს ხმას იმას, რომ მოსახლეობას თავის საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი არ ჰყავდეს, როგორ უნდა სთხოვოს მოსახლეობას იმ მაჟორიტარმა, რომ მხარი დამიჭირეთო?”,- ამბობს უმრავლესობის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე.
მისი თქმით, პროპორციული არჩევნები მყიფე ცენტრალურ ხელისუფლებას და პერმანენტულ რიგგარეშე არჩევნებს მოიტანს.
“პრაქტიკულად, დღეს 120/30-ზე არის 20% მაჟორიტარული კომპონენტი, 120-პროპორციული. გადახრა არის პროპორციულისკენ. თითქმის პროპორციული არჩევნები ტარდება, რაც მყიფე ცენტრალურ ხელისუფლებას, მუდმივ, პერმანენტულ რიგგარეშე არჩევნებს მოგვიტანს. მერე გაკეთდება ხოლმე ამასთან დაკავშირებით ახალი შეფასებები, რაც დღეს მოხდება, ამას მოჰყვება ეს ყველაფერი”,- ამბობს ოქრიაშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მოსახლეობა მხარს ვერ დაუჭერს იმ მაჟორიტარ კანდიდატებს, ვინც დღეს მიაჭერს „მწვანე“ ღილაკს და მოსახლეობას ამ პრეროგატივას გაუუქმებს.
“ახლა მეორე, ძალიან მაინტერესებს, დღეს ვინც მისცემს ხმას იმას, რომ მოსახლეობას თავის საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი არ ჰყავდეს, როგორ უნდა სთხოვოს მოსახლეობას იმ მაჟორიტარმა, რომ მხარი დამიჭირეთო? – მოსახლეობა მხარს ვერ დაუჭერს იმ მაჟორიტარ კანდიდატებს, ვინც დღეს მიაჭერს „მწვანე“ ღილაკს და გაუუქმებს მოსახლეობას ამ პრეროგატივას“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.
პარლამენტში საკონტიტუციო პროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს პარტია “ევროპული საქართველოც”. თუმცა მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს მანამდე, სანამ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.
კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.