მოსახლეობის მესამედი ამ პერიოდამდე ვაქცინირებული რომ ყოფილიყო, ეს საკითხები ასე მწვავედ არ იდგებოდა – კულუმბეგოვი

ძალიან საშიშია ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს, სახლში არ დაგვეღუპონ ადამიანები, მოსახლეობის მესამედი ამ პერიოდამდე ვაქცინირებული რომ ყოფილიყო, ეს საკითხები ასე მწვავედ არ იდგებოდა – ამის შესახებ ალერგოლოგ – იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„საწოლფონდის დატვირთვა ძალიან სერიოზულია. ე.წ. აქტიური შემთხვევების უპრეცედენტო რაოდენობაა, ეს არის ძალიან სერიოზული დატვირთვა. რა შესაძლებლობაა სიტუაციის მართვის? ერთ-ერთი ვარიანტია ძალიან მაღალ მსხვერპლზე წასვლა და ჯანდაცვის სისტემის ზღვარზე გავლა. ძალიან საშიშია ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს, სახლში არ დაგვეღუპონ ადამიანები. მეორე ვარიანტია, როგორ მოხდება პანდემიის მართვა, მობილობის შეზღუდვა, ქვეყანას ახლა მეტი არჩევანი არ დარჩა. მოსახლეობის მესამედი ამ პერიოდამდე ვაქცინირებული რომ ყოფილიყო, ახლა ეს საკითხები ასე მწვავედ არ იდგებოდა.

ეს ყველაფერი ჩვენ ტურისტულ სეზონს შევწირეთ, თუმცა მსოფლიოს ქვეყნებმა „წითელ ზონაში“ შეგვიყვანეს, ტურისტები აქ მაინც არ ჩამოდიან. სამწუხაროდ, ეს ბალანსი სახელმწიფომ თუ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ იპოვა, რაც ძალიან დასანანია. ერთი მხრივ, ადამიანები იხოცებიან და მეორე მხრივ, ტურისტებიც არ ჩამოდიან ამ ქვეყანაში. რა მივიღეთ პანდემიის ამ მოდელისგან, სხვებმა უნდა განგვიმარტონ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ან გადაწყვეტილების მონაწილე გახდნენ თავისივე თანხმობით.

ვემხრობი პირბადეების ტარების უნივერსალურ გამოყენებას, მხარს ვუჭერ ტესტირების გაფართოებას, ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, ღამით გადაადგილების შეზღუდვაზე ფიქრის დაწყებას, სარესტორნო სივრცეები მხოლოდ გარე სივრცეში უნდა ოპერირებდნენ და შიგნით მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები უნდა დაუშვან“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.