NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს სჯერა, რომ 5G-ის ინტერნეტის ინფრასტრუქტურა კორონავირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული.
მოსახლეობის 45 პროცენტი აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 30-მა პროცენტმა არ იცის. 16 პროცენტი ამბობს, რომ არასდროს სმენია 5G ინტერნეტის შესახებ.
NDI-მ კვლევისთვის სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია გამოიყენა. სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისს ჩატარდა და შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. მათი ინფორმაციით, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა და ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
რაც შეეხება ფოკუს ჯგუფებს, საველე სამუშაოები 24-30 ივნისს, ხუთ ქალაქში ჩატარდა: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, მარნეული, ახალქალაქი.
კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია, თუმცა იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.