NDI–ს კვლევით, საქართველოს მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.
NDI-მ კვლევისთვის სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია გამოიყენა. სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისს ჩატარდა და შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. მათი ინფორმაციით, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა და ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია, თუმცა იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.
რაც შეეხება ფოკუს ჯგუფებს, საველე სამუშაოები 24-30 ივნისს, ხუთ ქალაქში ჩატარდა: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, მარნეული, ახალქალაქი. თითოეულ ქალაქში 2 ფოკუს ჯგუფი იყო: შერეული ასაკი, სქესი და დასაქმების სტატუსი. მონაწილეები შეარჩიეს ორი მეთოდით: CRRC-ის კოორდინატორები მიდიან ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ადგილას, შემთხვევითად აჩერებენ ადამიანებს და ჯგუფურ დისკუსიაში მონაწილეობას სთავაზობენ და “თოვლის გუნდის” მეთოდი. ფოკუს ჯგუფში დისკუსიას პროფესიონალი მოდერატორი უძღვებოდა, ღია კითხვებით.