პადმასკოვიეში უცნობმა პირებმა ოდიოზური რუსი პოლიტოლოგის და იდეოლოგის, ალექსანდ დუგინის ქალიშვილის ჯიპი ააფეთქქეს. დარია პლატონოვა ადგილზე გარდაიცვალა.
ამის შესახებ რუსული მედია იუწყება, რომელმაც ცეცხლმოკიდებული მანქანის ფოტო გამოაქვეყნა.
ინციდენტი შაბათს, 20 აგვისტოს მოხდა. Land Cruiser Prado, რომლის საჭესთან დუგინის ქალიშვილი იჯდა, მოსკოვის ოლქში, მოჟაისკის შოსეზე აფეთქდა.
რუსეთის პოლიცია თვლის, რომ თავდასხმის სამიზნე სწორედ დარია დუგინა–პლატონოვა იყო, თუმცა არსებობს ვერსია, რომ რეალური სამიზნე მამამისი იყო. დარია დუგინა მამასთან ერთად ზახაროვოდან ფესტივალ “ტრადიცია“–დან ბრუნდებოდა. ალექსანდრ დუგინს მისი მანქანით უნდა ემგზავრა, თუმცა ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. ის აფეთქების ადგილზე მალევე მივიდა.
როგორც რუსული პროპაგანდისტული ტელეგრამ არხები იტყობინებიან, ავტომობილი ტრასაზე მოძრაობისას აფეთქდა.
ალექსანდრ დუგინი – “ნეოევრაზიული“ იდეური მოძრაობის დამფუძნებელია, ის არაერთი “გეოპოლიტიკური“ წიგნის ავტორია, რომლებშიც მემარჯვენე–რადიკალურ, ექსტრემისტულ, ტერორისტულ და ულტრა–ნაციონალისტურ იმპერიულ იდეებს ქადაგებს.
ის არის აშშ–ს სანქციების სიაში, ასევე შეტანილია იმ პირთა სიაში, ვინც უკრაინის ნაციონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
მისი ქალიშვილი, დარია დუგინა–პლატონოვა 1992 წელს დაიბადა. ის მუსიკოსია, თუმცა ამავე დროს პოლიტიკური მიმომხილველია საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში. დარია დუგინა მამის იდეოლოგიური თანამოაზრე იყო. ის აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში.
4 ივლისს ქალი დიდი ბრიტანეთის სანქციებში მოხვდა. სიაში ის იმის გამო შეიტანეს, რომ მხარს უჭერდა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და “ქმედებებს უკრაინაში დესტაბილიზაციისთვის“.