რუსული ავიაკომპანია Red Wings–ის თვითმფრინავი, რომელიც დღეს დილით ბათუმი–მოსკოვის რეისს ასრულებდა, ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და უკან, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დაბრუნდა. საქართველოსთან დაკავშირებული რუსული ტელეარხები წერენ, რომ რეისი Sukhoi Superjet–ის თვითმფრინავით სრულდებოდა.
როგორც ტელეგრამის არხი «Свой в Батуми» ბორტგამცილებელზე დაყრდნობით წერს, რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავი ბათუმიდან უკან გაბრუნდა იმის გამო, რომ “მოწყობილობა, რომელიც მთებში ფრენას უზრუნველყოფს, მოიშალა”. ბათუმის აეროპორტის ვებგვერდზე დაიწერა, რომ რეისი 4 საათით გადაიდო.
თვითმფრინავის მარშრუტი მოსკოვიდან ბათუმამდე და უკან Flightradar პორტალზეც არის ხელმისაწვდომი.
შეფერხების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ტავ ჯორჯიაც, რომელიც ბათუმის აეროპორტს მართავს.
როგორც აეროპორტის საიტზეა მითითებული, რეისი ბათუმის აეროპორტში მოგვიანებით, 15 საათსა და 30 წუთზე დაჯდა.
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings–მა საქართველოში პირდაპირი ფრენები წელს მაისში დაიწყო. ოქტომბერში კომპანიამ ახალი მიმართულებების შესახებ გამოაცხადა და ბილეთების გაყიდვა დაიწყო კაზანიდან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან, სამარიდან და პეტერბურგიდან საქართველოს მიმართულებით რეისებზე. თბილისში ახალი მარშრუტების დამატება ნოემბრის შუა რიცხვებიდან იგეგმება, ქუთაისის მიმართულებით კი დეკემბრის დასაწყისიდან.
დღეს მომხდარი ინციდენტი პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენებისას ტექნიკური პრობლემა შეექმნათ.
რუსული მედია ოქტომბერში წერდა, საქართველოში მიმავალი რუსი ტურისტები სოჭის აეროპორტში თვითმფრინავში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ გამოკეტილი კომპანია “აზიმუტის“ თვითმფრინავტს ტექნიკური დაზიანების გამო. დილის ათი საათისთვის დაგეგმილი რეისი მხოლოდ საღამოს 7 საათზე შესრულდა.