მოსკოვის მახლობლად დრონი ჩამოვარდა. რუსები ამბობენ, რომ ის უკრაინულია

რუსული მედიის ინფორმაციით მოსკოვის რეგიონში კამიკაძე დრონი აღმოაჩინეს.არაერთი ტელეგრამ არხის ცნობით, ის მოსკოვის მახლობლად ქალაქ ნოგინსკთან ჩამოვარდა. სავარაუდოდ, დრონზე 17 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული. რუსული არხების ცნობით, თვითმფრინავი ჩამოვარდა, რადგან საწვავი ამოეწურა. თუმცა არსებობს მეორე ვერსია, რომლის მიხედვით  დრონი ხეებს წამოედო და ჩამოვარდა.

რუსული მხარის ინფორმაციით  ეს უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, უკრაინული წარმოებისაა. საუბარია UJ-22 Airborn-ზე.

კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატენილი დრონის ნამსხვრევები 23 აპრილს, ერთ-ერთი სააგარაკე დასახლების მახლობლად, ტყეში იპოვეს და ამჟამად ექსპერტიზა მიმდინარეობს.

ტელეგრამ-არხების, Baza-ს და Shot-ის ინფორმაციით, დრონი ტყეში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 300 მეტრში იპოვა დასახლებაში მცხოვრებმა ქალმა.

საიდან გაუშვეს დრონი, ჯერჯერობით დაუდგენელია. თებერვლის ბოლოს, მსგავსი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს მოსკოვის ოლქის კოლომენსკის რაიონში, „გაზპრომის“ სადგურთანაც.

რუსეთი თავის ტერიტორიაზე დრონებით შეტევაში უკრაინას ადანაშაულებს. კიევი მსგავს ფაქტებს ოფიციალურად არ ადასტურებს.