მოსკოვის ქართული ეკლესიის ქართველ წინამძღვას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამო დაკეტილია ეკლესია. ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ტვ პირველთან ამბობს.
მისი ინფორმაციით, კორონავირუსი ეკლესიის წინამძღვარს, მამა ფიოდორეს დაუდასტურდა, ხოლო კიდევ ერთი სასულიერო პირი, მამა მირონ კანთელაძე ტესტის პასუხს ელოდება.
“7-8 დღეა თვითიზოლაციაში ვიმყოფები. ტაძარი პირველი მაისიდან დაკეტილია. ჩატარდა დეზინფექცია და ტაძარი დაიკეტა საერთოდ ყველანაირი მსახურებისთვის და ასევე დაიკეტა საეკლესიო მაღაზიაც. შეიძლება ითქვას, რომ ტაძრის ეზოშიც ვერავინ ვერ შედის, რადგანაც ყველაფერი გადაკეტილია პირველი მაისის შემდეგ”,— განაცხადა დეკანოზმა.
დეკანოზი ამტკიცებს, რომ ვირუსი ზიარების და წირვის დროს არ გავრცელებულა.
“თუკი ეს ზიარებიდან არის გადასული, მე და მამა ფიოდორე ყოველ კვირას ვეზიარებოდით ერთი ბარძიმიდან. მაშინ ყველას უნდა გვჭირდეს ვინც ვეზიარებოდით”, — ამბობს სასულიერო პირმა.
მისივე თქმით, სიცხე აქვს რამდენიმე ადამიანსაც, რომელიც ტაძრის მრევლია.