მოსკოვი პასუხობს ლიზ ტრასის განცხადებას საქართველოს დახმარების შესახებ

პუტინის პრესმდივანი ეხმიანება დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრის განცხადებას მოლდოვისა და საქართველოს დახმარების შესახებ. ლიზ ტრასმა თქვა, რომ ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ “საკმარისი ძალა და შესაძლებლობები, რათა შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი და თავისუფლება”.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინისა და სხვა ქვეყნების “დასავლური იარაღით დატუმბვა საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას”.

“უკრაინასა და სხვა ქვეყნებში იარაღის, მათ შორის მძიმე იარაღის გადატუმბვის ტენდენცია არის ის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას, იწვევს არასტაბილურობას“, – აღნიშნა პესკოვმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრიმა ლონდონში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიომ უნდა ისწავლოს გაკვეთილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან და აღარ “დაუშვას მსგავსი შეცდომა”.