კრაკოვის საკრებულო Pink Floyd-ის ყოფილი წევრის, როჯერ უოტერსის კონცერტის გაუქმებას განიხილავს. ამის მიზეზი, უოტერსის განცხადებებია. მუსიკოსი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მხარს ღიად უჭერს და არაერთხელ გააკრიტიკა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა და შეერთებული შტატები.
Pink Floyd-ის ყოფილი წევრი, როჯერ უოტერსის კონცერტები 2023 წელს კრაკოვის ტაურონ არენაზეა დაგეგმილი, კრაკოვის საკრებულოს წევრი ლუკაშ ვანტუხი აპირებს ქალაქის მერს და მრჩევლებს დაელაპარაკოს და კონცერტების დაბლოკვა მოითხოვოს.
- “როჯერ უოტერსი, რომელიც პუტინის ღია მხარდამჭერია, კრაკოვის ტაურონ არენაზე აპირებს კონცერტების გამართვას. ოთხშაბათს ქალაქის საკრებულოს შეხვედრა გვაქვს, ვაპირებ, მერს და მრჩევლებს დაველაპარაკო და კონცერტების დაბლოკვა ვთხოვო. მსგავსი ღონისძიებები ჩვენი ქალაქის სირცხვილია. წავიდეს, მოსკოვში იმღეროს”. – წერს სოციალურ ქსელში ვანტუხი.
ბრიტანული როკ-ჯგუფის თანადამაარსებელმა და ყოფილმა ვოკალისტმა როჯერ უოტერსმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ომის დამნაშავე უწოდა და განაცხადა, რომ ბაიდენმა უკრაინაში ომის გაჩაღებას შეუწყო ხელი. უოტერსის კონცერტების ტურის ფარგლებში სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე ჩნდებოდა ადამიანების ფოტოები, რომლებსაც შემსრულებელმა „ომის დამნაშავეები“ უწოდა. ჩამონათვალში მოხვდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბაიდენის ფოტო კი გამოჩნდა წარწერით „დამწყები“.
„ის [ჯო ბაიდენი] უკრაინაში ცეცხლს ანთებს. ეს დიდი დანაშაულია. რატომ არ უბიძგებს აშშ ზელენსკის მოლაპარაკებებისკენ, ამ საშინელი ომის თავიდან ასაცილებლად?“ – აღნიშნა ბრიტანელმა მუსიკოსმა CNN -თან საუბარში.