მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავების გამო, ჩხოროწყუში მერის გადადგომას მოითხოვენ. მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები იყვნენ მოქალაქეებიც. მათ შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
“ჩვენი მოთხოვნა არის, რომ სამარცხვინო მერმა დატოვოს ჩხოროწყუს მერის თანამდებობა, ხომ ხედავთ, საკრებულო რა დღეშია? აქ ამ ყველაფერს “აპრავებენ”, აქ ამათ გული არ შესტკივათ იმისთვის, რომ ეს ბავშვები დაიჩაგრნენ. ამ ბავშვებს ეს გაჰყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე”, – განაცხადა, ნაციონალური მოძრაობის და ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა, რამაზ გულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია გმობს აღნიშნულ ფაქტს, იმიტომ, რომ ეს იყო, პრაქტიკულად, მარაზმი. ეს არის მიუღებელი თიოთოეული ჩვენგანისთვის. ერთ-ერთი მოქალაქის მიერ მოხდა მოსწავლეების შემოყვანა და გარკვეული დასუფთავების აქციის წარმართვა დღევანდელი დღე მათ, პრაქტიკულად პოლიტიკურ ასპარეზად აქციეს და ამ უაღრესად სამარცხვინო ფაქტს იყენებენ, მათ საკეთილდღეოდ”,- განაცხადა ჩხოროწყუს მერის მოადგილემ, გოჩა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ჩხოროწყუს ერთერთი სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები “შაბათობაზე” დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პოლიცია იძიებს.