”მოულოდნელად მოკვდა.. დამთხვევაა ეს? თუ საჭადრაკო დაფაზე ვიღაცამ მორიგი სვლა გააკეთა?” – ასე ეხმაურება, პროპაგანდისტი თინა კანდელაკი საპატიმროში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას.
”მოულოდნელად მოკვდა არც ისე დიდი ხნის წინ აქტიური და ცოცხალი ალექსეი ნავალნი. ეს მოხდა ზუსტად ერთი თვით ადრე, ზუსტად იმ მომენტში, როცა რუსული ოპოზიცია წარმოადგენს ცარიელ ადგილს, როცა საზოგადოებრივი პოზიცია რუსეთისკენ იხრებოდა. მოწინააღმდეგე მხარე უცებ იღებს საჩუქარს, რომელიც დასავლურ სამყაროში ეჭვგარეშეა, რომ ანტირუსულ ტალღას გამოიწვევს.
რა იქნება შემდეგ – ვნახოთ, მაგრამ ვერ ავარიდებთ თავს შეკითხვას: დამთხვევაა ეს? თუ საჭადრაკო დაფაზე ვიღაცამ მორიგი სვლა გააკეთა?” – ამბობს კანდელაკი.
ცნობისთვის, დღეს 16 თებერვალს, რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი საპატიმროში გარდაიცვალა.
“16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. – ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში
კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნავალნის სიკვდილის შესახებ, უკვე აცნობეს პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს. “რამდენადაც ვიცი ფედერალური პენიტენციური სამსახური ყველა მოქმედი წესის დაცვით არკვევს მომხდარის დეტალებს. საქმე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს, ვინაიდან ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს განსაზღვრული წესები. არ ვიცი სიკვდილის მიზეზი, მედიკოსებმა უნდა დაადგინონ”. – ამბობს პესკოვი.
ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დააკავეს. ნავალნი ბოლოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.