მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებაში, რომელიც გუშინ დატოვეს – პროკურორი ილიჩოვა-მელაშვილზე

“მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებაში, რომელიც გუშინ დატოვეს” – ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.   მისი თქმით,  ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ისინი სასამართლომ გაამართლა და სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

“აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა,  არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდაოდ გამოიწვევს იმ მოცემულობას, რომ მათ, ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მომავალში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს. სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას,” – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.