მოქალაქეებმა 9 პარტიას დაუჭირეს მხარი, მათ ერთობლივად უნდა იზრუნონ ქვეყანაზე – გახარია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტური მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებს დაუბრუნდება.

“სულ რამდენიმე დღეში, 21 ნოემბერს ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში. და, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად პროცესები ქვეყანაში დაბრუნდეს ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში და პოლიტიკურ პლატფორმაზე”,– ამბობს გახარია.

მისივე თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩევლებმა 9 პოლიტიკურ პარტიას დაუჭირეს მხარი, ამიტომ მათ ერთობლივად უნდა იზრუნონ გამოწვევების წინააღმდეგ.

“საქართველოს მოქალაქეებმა უკვე, მაშინ როდესაც 31 ოქტომბერს არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, პანდემიის პირობებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატების და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთობლივად. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა, როგორც ეკადრება ქართველო ამომრჩეველს და მოქალაქეს”,– ამბობს გახარია.

ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.