მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების აღებას 30-ლარად შეძლებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით – 11 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების აღებას ნახევარ ფასად – 30 ლარად შეძლებს. აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

აქციით სარგებლობა შეუძლიათ:

  • სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა;
  • სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ  მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;
  • მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;
  • მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.