პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს და ამბობს, რომ მოსახლეობის დავალებაა, სწრაფი გამოსავალი იპოვონ.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას, მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, რომ გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები გაგრძელდება. თუმცა, ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ქმედებებს და ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება.
ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, წარმოდგენილი ყოფილიყვნენ საქარტველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – საქართველოს პარლამენტში. ეს მანდატი იყო და არის პასუხისმგებლობის მანდატი – ქვეყანაზე და ქვეყნის მომავალზე”,- აცხადებს გახარია.
პრემიერი ოპოზიციას მოუწოდებს, ერთად მოუარონ ქვეყანას, რადგან პანდემია ძალებს იკრებს და ეკონომიკური კრიზისი მძიმდება.
“საარჩევნო პროცესიც და მისი შემდგომი პროცესიც კიდევ ერთი დადასტურება უნდა იყოს საქართველოში შემდგომი დემოკრატიული განვითარების გაძლიერების. ყველა ძალას, მმართველსაც, ოპოზიციასაც, კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო, პირველ რიგში, რომ ერთად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა და ეს არის პასუხისმგებლობა გამოწვევებით სავსე ეპოქაში, როდესაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც და, რაც მთავარია, ყველამ ერთად, ეფექტურად და შედეგიანად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი სვლა მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ.
რადგან ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, რომ დემოკრატიული პროცესები, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი და პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ სპექტრს ძალიან აკრგად ესმის ეს და ეყოფა პასუხისმგებლობა, ჩვენი მოქალაქის ეს მესიჯი სწრორად გაიგოს და სწორად გადათარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში”,- აცხადებს გახარია.