მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 19 დღის შემდეგ, 29 ნოემბერს ჩაინიშნა. მისი ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლო ელოდება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის კრიტიკულად გაუარესებას.
“ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად ვერ შეძლოს გადაადგილება, საუბარი. ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როცა ქუჩის პროცესი ჩაცხრება და ხალხი გატყდება. მაგრამ ეს არ მოხდება. ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის პროცესის კრიტიკულად დამძიმებას.
ვინიცობაა და სააკაშვილს ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდეს, იქნებ მომდევნო კვირაშიც ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოცხადდესო, ჩანიშნეს 29 ნოემბერს, როცა მისი მდგომარეობა იქნება ან უაღრესად მძიმე, უკვე კრიტიკული და ან არადა ქართველი ხალხი უკვე პროტესტით გაიმარჯვებს და ეს მოსამართლეები ტაშფანდურით შეგვეგებებიან,” – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, დღეს თავის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს. მოსამართლემ ასევე უარი განაცხადა პროცესის პირდაპირ ტრანსლაციაზე ტელევიზიების მიერ.