მოძრაობა სირცხვილია 17 ივნისს დაგეგმილ მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციას და ხელისუფლებას მიმართავს. განცხადებას, “სირცხვილია” სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“2021 წლის 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაატარებს კენჭისყრას, სადაც განხილული იქნება მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენის, დანიშვნისა და მოქმედი მოსამართლეების სხვა სასამართლოში გადაყვანის საკითხი, საერთო ჯამში, საუბარია 100-ზე მეტ ვაკანსიაზე.
დღის წესრიგის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინებიან. ამასთან, იუსტიციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლეთა თანამდებობებზე დანიშვნების თაობაზე. ხვალინდელ სხდომაზე გადაწყდება დაინიშნება თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი მოსამართლის თანამდებობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პირმა სასამართლო სისტემაში მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი მამა საქართველოს პარლამენტმა აირჩია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად.
ერთ დღეში მოსამართლეთა დანიშვნის მასშტაბური და ფორსირებული პროცესი, საერთო ჯამში ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს 9, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებში 88 ვაკანტური ადგილის შევსებას. ამავე დროს სასამართლო სისტემის პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა გადაყვანა შეეხება სულ 8 ვაკანსიას.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორების მედიაციით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტი ითვალიწინებს სასამართლოს ამბიციურ რეფორმას. დოკუმენტის თანახმად, უზენაეს სასამართლოში უნდა შეჩერდეს ყველა მიმდინარე დანიშვნა და დაიწყოს ახალი განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით. გამჭვირვალეობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა.
მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე
აღებული ვალდებულებების მიუხედავად, პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობა დაწყებული არ არის. სასამართლოს კლანმა უკვე მოახდინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა. ახლა კი ის ურცხვად აგრძელებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების საქართველოს პარლამენტში წარდგენის, ხოლო სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლეთა თანამდებობებზე დანიშვნის პროცესს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 17 ივნისს ჩანიშნული კენჭისყრის პროცესი ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას და ჩიხში შეჰყავს ქვეყანაში დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სასამართლო სისტემის შექმნის პერსპექტივა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოავლინოს პოლიტიკური ნება და შეასრულოს 19 აპრილის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე.
მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა უპირველეს ყოვლისა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, ასევე გატარდეს ქმედითი ზომები სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების თვალსაზრისით. გარდა ამისა, დაიწყოს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური და მყისიერი ინფორმირება მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებთან დაკავშირებით.”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭისყრას ჩაატარებს მოსამართლეების წარდგენის, დანიშვნისა და გადაყვანის შესახებ.
საბჭო 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას.