“მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა” – ექიმი თბილისში დაჭრილ 17 წლის ბიჭზე

ექიმის ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილ 17 წლის ბიჭს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, მათ შორის, შემავალი.

მისივე თქმით, ამჟამად ის საოპერაციო ბლოკშია გადაყვანილი.

„გუშინ, საღამოს ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ახალგაზრდა, 17 წლის მამაკაცი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, მათ შორის ერთი იყო შემავალი პლევრის ღრუში. გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და შემდგომი მკურნალობის მიზნით, გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. სავარაუდოდ, ცივი იარაღით იყო მიყენებული ჭრილობები. 112-ის მიერ მოხდა პაციენტის ტრანსპორტირება“, – განაცხადა ექიმმა.

არასრულწლოვანი ნუციბიძის პლატოზე გუშინ საღამოს დაჭრეს. შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არ არის.