მსახურებაზე COVID-19-ით ინფიცირებულ სასულიერო პირთან ერთად სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ – ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მსახურებაზე, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ესწრებოდა, სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ.

მისი თქმით, სასულიერო პირი იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინაძღვარი არაა, თუმცა, ის მსახურებაზე ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.

ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ ინფიცირებულმა სასულიერო პირმა რამდენიმე დღის წინ ტაძარში წირვა ჩაატარა.

იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ტაძარი ვერის პარკთან, ქიაჩელის ქუჩაზე ამ დროისთვის დაკეტილია. იქ ღვთისმსახურება არ მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლების ინფიცირების წყარო სწორედ ეს სასულიერო პირია, რომელიც ერთ-ერთი ექთნის ძმაა. ასევე დაინფიცირებულია ექთნის შვილი და დედამთილი. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში გუშინ მოათავსეს.