ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საბერძნეთის ელჩის, დიმიტრიოს კარაბალისის კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ “გაუმართლებელია მსგავსი სახის ბრალდებები, მით უფრო, დიპლომატისგან”. ელჩმა განაცხადა, რომ ახსნას ვერ პოულობს, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვრები.
თურნავას აზრით, საბერძნეთის ელჩი ბერძნულმა ავიაკომპანიებმა შეცდომაში შეიყვანეს. მისი თქმით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საბერძნეთთან ფრენები არ დაუდასტურებია, “თუმცა, რა თქმა უნდა, დიალოგი მუდმივად მიმდინარეობს არამარტო ეგეოსის ავიახაზებთან, არამედ სხვა ავიაკომპანიებთან, რაც ადრე თუ გვიან ურთიერთშეთანხმებით სრულდება”.
“დადასტურება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, მაგრამ კეთილი ნება ჩვენი მხრიდან, რომ შევთანხმდეთ გარკვეული რაოდენობის ფრენებზე გარკვეული პერიოდში, ეს შეიძლება არ იყოს აგვისტო და იყოს სექტემბერი, ამაზე ვმუშაობთ, ეს პროცესი მიმდინარეობს.
აქედან გამომდინარე, გაუმართლებელია მსგავსი სახის ბრალდებები, მით უფრო, დიპლომატისგან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ქვეყანა, მათი დიპლომატიური კორპუსი ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიების ინტერესები, ეს ასეა ზოგადად, მაგრამ აქ არის ის შემთხვევა, როდესაც ბიზნესინტერესი უნდა იყოს დაბალანსებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეპიდემიოლოგიურ ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, ვიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ნათია თურნავამ და იქვე აღნიშნა, რომ საბერძნეთის ელჩის ინტერვიუსთვის მას არ მოუსმენია.
“მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ რანგის დიპლომატი… ეტყობა, შეცდომაში იყო შეყვანილი ავიაკომპანიის მხრიდან” – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანაზე საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა, თუმცა მთავრობამ მაინც საზღვრების არგახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
”ეს გადაწყვეტილება არ გვესმის, ახსნას ვერ ვპოულობთ და ვერც ქართული მხარიდან მოვისმინეთ განმარტება. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გაგვაჩნია, გეტყვით რომ საქართველოდან საბერძნეთში გაფრენის მსურველები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე პირიქით. საბერძნეთმა, შავ სიაში შემავალ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ბრიუსელში ბევრი იბრძოლა იმისთვის,რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანათ, თუმცა, თავდაპირველად ასეთი მოცემულობა არც კი იყო. საბოლოოდ ევროკავშირმა საქართველოს საკუთარი საზღვრები გაუხსნა.
იმავე დღეს ხელისუფლებას ვაცნობეთ, რომ შეგვეძლო საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში უპირობოდ მიგვეღო, მათგან შესაბამის პასუხს ველოდით, რაც ვერ მივიღეთ”,– ამბობს ელჩი.
მისივე განცხადებით, საბერძნეთში კორონავირუსის კუთხით უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებსაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გაუხსნა.