სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება კახა კალაძის მუქარას მედიის მიმართ, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ თუ კრიტიკული მედიასაშუალებები არ გააშუქებენ მერიის დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებზეც ჟურნალისტები მიდიან, “კონკრეტულ ზომებს მიიღებს”.
ლომჯარიას განცხადებით, ამ განცხადებას შეისწავლიან. მისი შეფასებით, ასეთი განცხადებები დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა კეთდებოდეს.
“წინასწარ არ გავაკეთებ კომენტარს დისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით, რადგან წარმოებას დავიწყებთ და შევისწავლით, თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებები დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა კეთდებოდეს. ალბათ წარმოუდგენელი იქნება, მაგალითად სახალხო დამცველმა შეუზღუდოს მედიის რომელიმე წარმომადგენელს დასწრება ჩვენს ბრიფინგებზე, იგივე ეხებათ სხვა საჯარო დაწესებულებებს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატი არის საჯარო უწყება, ასევე საჯაროა სამინისტროები და მერია, რომელთა ვალდებულებაა, რომ მათი საქმიანობის გაშუქებისას თანაბარი წვდომა მისცენ მედიას”,- ამბობს ნინო ლომჯარია.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მედია თავად წყვეტს საკუთარი სარედაქციო პოლიტიკით და ეთიკის სტანდარტებით, როგორ გააშუქებს მოვლენებს.