მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინსწრებით პროგნოზირება შეუძლებელია – გარემოს ეროვნული სააგენტო შოვზე

“მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინსწრებით პროგნოზირება შეუძლებელია ” – ამის შესახებ, აცხადებს, გარემოს ეროვნული სააგენტო ბრიფინგზე. ამასთანავე სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს და აცხადებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება.

“პირველად დასკვნაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ სტიქიამდე ან სტიქიის პროცესში მდინარე ბუბისწყლის ხეობაში შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. სააგენტოს სპეციალისტები აღნიშნულს ადასტურებდნენ, მდინარე ბუბისწყლისა და მდინარე ჭანჭახის შესართავთან არსებული წყლის დონეზე დაკვირვების სადგურით. თუმცა, პირველადი დასკვნის მომზადების პარალელურად ჩვენმა სპეციალისტებმა გააგრძელეს სხვადასხვა ინფორმაციის ანალიზი, ჩვენ მივიღეთ მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, რომელიც აღწერს და ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება.

სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. კლდეზვავის ჩამოშლის შედეგად მოწყდა დაახლოებით 62 ჰა-ზე გაშლილი მყინვარული მასა, რამაც მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გამოდინება გამოიწვია (მიმდინარეობს დამატებითი კვლევების წყლის მოცულობის დადგენასთან დაკავშირებით). ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მოცემულ შეფასებებს, მომხდარი სტიქიის კომპლექსურობას და მისი პროგნოზირების შეუძლებლობას.

ცნობილია, რომ კდლეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის მრავალფაქტორიან დამოკიდებულების გამო მისი ადგილისა და დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხეობაში არსებული მეტეოროლოგიური სადგურიდან და მეტეოროლოგიური რადარიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მაღალი ინტენსივობის ნალექები არ დაფიქსირებულა”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.