მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები, BBC, Euronews, Reuters, The Guardian, თბილისში დაგეგმილი ”ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციას და იმ ძალადობრივ ფაქტებს ეხმაურებიან, რომლებიც დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში ხდება.
მედიასაშუალებები დღეს, 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავენ. გამოცემები აღნიშნავენ და ციტირებენ დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას თბილისი პრაიდზე და ასევე აღნიშნავენ რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მოახერხა მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
“ძალადობრივი პროტესტის ფონზე თბილისი პრაიდი გაუქმდა” – BBC
Euronews-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას.
Reuters-მა ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მასობრივი თავდასხმები მიმოიხილა. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ რადიკალური ჯგუფები ”თბილისი პრაიდის” შენობაზე LGBT დროშისთვის აძვრნენ,რომელიც ჩამოხსნეს და შემდეგ დაწვეს.
გამოცემების თქმით, საქართველოში ლგბტქ საზოგადოება საკმაოდ აქტიურია თუმცა, მათ აქტიურობასთან ერთად ხშირია მათზე ძალადობის ფაქტებიც, რომელსაც სათავეში, ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატიული პოლიტიკოსები და მართლმადიდებლური ეკლესია უდგას. მედიასაშუალებებმა გაიხსენეს, 2019 წელს, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პერმიერა, რომლის ჩაშლაც ძალადობრივად სცადეს რადიკალურმა დაჯგუფებებმა.
გამოცემები ასევე იხსენებენ, 2013 წლის მოვლენებს, სადაც პრაიდის აღლუმს სასულიერო პირები და ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციით სასტიკად გაუსწორდნენ. გამოცემები აღნიშნავენ, რომ ძალადობა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებს მნიშვნელოვნად უშლის ხელს.