მსოფლიოში ვაქცინირებულთა რაოდენობამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა რაოდენობამ ინფიცირებულების საერთო რაოდენობას გადააჭარბა. ამის შესახებ WHO-მ საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

ბოლო მონაცემებით, იმუნიზაციაში 124 მილიონი ადამიანი უკვე ჩაერთო – 73 ქვეყნიდან. ვაქცინაციის სისწრაფით ისრაელი ლიდერობს – ყოველ 100 ადამიანზე 61 აცრილით, შემდეგ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო და აშშ.

რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თებერვალში, მარტის დასაწყისამდე, საქართველო Pfizer-ის ვაქცინას აითვისებს, ხოლო შემდეგი AstraZeneca იქნება. საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება.