მსოფლიოში ინტერნეტმოხმარება უკიდურესად გაიზარდა. ევროკომისია პოპულარულ პლატფორმებს ხარისხის დაწევას თხოვს

ევროკავშირი Netflix–ს და სხვა სტრიმინგ პლატფორმებს სთხოვს შეწყვიტონ მაღალი გარჩევადობის ვიდეოების ტრანსლირება, რათა კორონავირუსის პანდემიის გამო ინტერნეტის უპრეცედენტო გადატვირთვა შეამსუბუქოს.

მრავალ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის გამო ასობით მილიონი ადამიანი სახლიდან მუშაობს, ინტერნეტით მიმდინარეობს სასწავლო პროცესიც კი, ამიტომ ევროკავშირის ჩინოვნიკები შეშფოთებულნი არიან ინტერნეტის უპრეცედენტო მოხმარებით და მისი შეზღუდული გამტარუნარიანობით, რაც მის შეფერხებას იწვევს.

ევროკომისარმა ტერი ბრეტონმა, რომელიც ევროკავშირის შიდა ბაზარზე აგებს პასუხს, ტვიტერში დაწერა, რომ ელაპარაკა Netflix–ის გენერალურ დირექტორს, რიდ ჰასტინგსს. მან მოუწოდა ხალხს და კომპანიებს, როცა HD ხარისხი აუცილებელი არ არის, სტანდარტული გარჩევადობის ფორმატში უყურონ ვიდეოს, რათა ინტერნეტთან წვდომა ყველას შეუფერხებლად ქონდეს. ბრეტონმა დღევანდელ განცხადებაში თქვა, რომ უპრეცედენტო სიტუაციის გათვალისწინებით სტრიმინგ პლატფორმები, ქსელის ოპერატორები და მომხმარებლები – ყველა ერთნაირად არის პასუხისმგებელი ზომების მიღებაზე, რათა ინტერნეტმა ვირუსთან ბრძოლის პერიოდში უხარვეზოდ იმუშაოს. Netflix –ის დირექტორმა CNN Business–ს განუცხადა, რომ კომისარი ბრეტონი მართალია, როცა ხაზს უსვამს ინტერნეტის შეუფერხებლად მუშაობის მნიშვნელობას ამ კრიტიკულ მომენტში.

“ჩვენ კონცენტრირებულნი ვიყავით ქსელის ეფექტურობაზე მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის ღია კავშირის მიწოდების უფასო მომსახურებაზე სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის. “– ამბობს ის.

Netflix აცხადებს, რომ უკვე დაიწყო სტრიმინგის ხარისხის რეგულირება ქსელების გამტარუნარიანობის გათვალისწინებით და სპეციალური მიწოდების ქსელს იყენებს, რომელიც მომხმარებელს არსებულ ბიბლიოთეკასთან წვდომას უადვილებს, თუმცა დიდ რესურსს არ მოიხმარს.

ევროკომისია აცხადებს, რომ მართალია ბოლო კვირებში ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, ჯერჯერობით არ ყოფილა დარეგისტრირებული სერიოზული ხარვეზი და მძიმე შედეგი.
ევროკავშირის ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ იმუშავებენ კომუნიკაციის სფეროს მარეგულირებლებთან სპეციალური მექანიზმების შესაქმნელად, რათა ინტერნეტ ტრაფიკს მონიტორინგი გაუწიონ და პრობლემების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება მოახდინონ.