მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაინერი პირველ კრუიზში გაემგზავრა. როგორ გამოიყურება ის და რატომ არიან უკმაყოფილო გარემოსდამცველები

მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი, Icon of the Seas, ფლორიდიდან, მაიამის პორტიდან კარიბის ზღვის აუზის პირველ შვიდდღიან მოგზაურობაში გაემგზავრა.

გემის სიგრძე რეკორდულია – 365 მ. შედარებისთვის ლეგენდარული ტიტანიკი თითქმის 100 მეტრით მოკლე იყო (269 მ), ხოლო აშშ-ს საზღვაო ძალების უდიდესი ავიამზიდის, ჯერალდ რ.ფორდის სიგრძე 333 მეტრია.

ხომალდის წყალში ჩაშვების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონმა, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ , რომელიც ამჟამად თამაშობს მაიამის ინტერში თამაშობს.

გემს შეუძლია 7600-მდე მგზავრის განთავსება, რომლებიც დაიძინებენ, ჭამენ და გაერთობენ 20 გემბანზე, სადაც 40-ზე მეტი რესტორანი, კაფე და ბარია. ასევე არის პატარა პარკი ტროპიკული მცენარეებით, თეატრი, კარაოკე, ჩოგბურთის და ფრენბურთის კორტები, ატრაქციონები ბავშვებისთვის და აკვაპარკი.

გემი რეგისტრირებულია ბაჰამის კუნძულებზე და ფინეთში აშენდა. მისი  ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარია.

ძრავები, რომლებიც ამ მცურავ გასართობ პარკს ამოძრავებს,  თხევად ბუნებრივ აირზე მუშაობს.

გარემოსდამცველები ამ ტიპის საწვავს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მისი გამოყენება ატმოსფეროში მეთანის გამოყოფას იწვევს.

ერთის მხრივ, ის იწვის უფრო სუფთად, ვიდრე ტრადიციული გემების საწვავი, როგორიცაა მაგალითად მაზუთი, მაგრამ თანამედროვე თხევადი ბუნებრივი აირი  85-95%–ით მეთანისგან შედგება.

ამიტომ მისი გამოყენებისას ატმოსფეროში მეთანის გაჟონვის ალბათობა იზრდება და მეთანი უფრო საშიში სათბურის აირია, ვიდრე ნახშირორჟანგი.

ბოლო 20 წლის განმავლობაში მეთანი ინარჩუნებს 80-ჯერ მეტ სითბოს, ვიდრე ნახშირორჟანგი, რაც ამ გამონაბოლქვის რადიკალურ შემცირებას სასიცოცხლო მიზნად აქცევს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

”ეს არასწორი ნაბიჯია,” – განუცხადა როიტერს ბრაიან კომერმა, სუფთა ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს (ICCT) საზღვაო პროგრამის დირექტორმა. „ჩვენი შეფასებით, თხევადი ბუნებრივი აირის,  როგორც საზღვაო საწვავის გამოყენება გამოიწვევს 120%-ით მეტი სათბურის გაზების შეღწევას ატმოსფეროში გემის  ექსპლუატაციის მანძილზე, ვიდრე ჩვეულებრივი საზღვაო გაზოილის გამოყენების შემთხვევაში“

ამ კვირის დასაწყისში, ICCT-მ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ თხევად ბუნებრივ აირზე მომუშავე გემებიდან მეთანის ემისია უფრო მაღალია, ვიდრე მიმდინარე რეგულაციებით არის დადგენილი.

თუმცა,გემის მფლობელი კომპანიის, Royal Caribbean–ის წარმომადგენლები , ამტკიცებენ, რომ Icon of the Seas 24%-ით უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ამას მოითხოვს  საზღვაო ტრანსპორტის წესები მოითხოვს. კომპანია ასევე გეგმავს ნულოვანი ემისიის გემის წარმოდგენას 2035 წლისთვის.

საკრუიზო ხაზების საერთაშორისო ასოციაციის თანახმად, საკრუიზო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული სექტორია, რომელიც პირველ რიგში ახალგაზრდებს იზიდავს. 2021 წელს ამ ტურისტულმა ბიზნეს სექტორმა 75 მილიარდი აშშ დოლარი შეიტანა გლობალურ ეკონომიკაში.

ძირითადი ციფრები:

  • Icon of the Seas არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი, რომელიც იწონის 250 800 ტონას და სიგრძით თითქმის 365 მეტრია.
  • თავად გემის მშენებლობა და შეძენა Royal Caribbean International-ს თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი (1,65 მილიარდი ევრო) დაუჯდა.
  • Royal Caribbean-ის ვებსაიტის მიხედვით, ბილეთების ფასები მერყეობს $1,723-დან $2,639-მდე ერთ ადამიანზე. თუმცა, პოპულარულ საშობაო კრუიზში ფასი იზრდება 5,124 აშშ დოლარამდე ერთ ადამიანზე.

პირველი კრუიზის გაჩერებებია: სენტ-კიტსი და ნევისი და აშშ-ს ვირჯინიის კუნძულების დედაქალაქი: შარლოტა–ამალია.