ბლუმბერგის მონაცემებით ამ დროისთვის მსოფლიოში Covid19-ის ვაქცინის 1,009,954,638 დოზაა გაკეთებული. დღიურად ვაქცინირებულთა საშუალო მაჩვენებელი კი 18 მილიონს აჭარბებს. ვაქცინაციის ტემპი მსოფლიოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაჩქარდა.
ყველაზე მეტი ვაქცინა რაოდენობრივად ამ დროისთვის აშშ–ში გაკეთდა 225,640,460 დოზა. აქედან მოსახლეობის 28% უკვე აცრილია ორი დოზით, 41.8% კი ერთი დოზით მაინც.
მეორე ადგილზე ადმინისტრირებული ვაქცინების დოზების რაოდენობით ჩინეთია – 216,084,000 დოზით. მესამე ადგილზეა ინდოეთი, სადაც ამ დროისთვის ვაქცინის 140,802,794 დოზა გაკეთდა, თუმცა ეს პროცენტულად მოსახლეობის მხოლოდ 8.7%–ს შეადგენს, საიდანაც ორი დოზით მხოლოდ 1.6 პროცენტია აცრილი.
შემდეგ მოდის ევროკავშირი ჯამურად, სადაც 126,343,110 ვაქცინა გაკეთდა. ევროკავშირის მოსახლეობის 7.5% ორი დოზით არის აცრილი. ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს 20.2%–ს.
მეხუთე ადგილზეა ბრიტანეთი, რომელიც მსოფლიოში ვაქცინაციის ერთ–ერთი ლიდერია. ბრიტანეთში ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 18%–ზე მეტი აცრეს, 50%–ს კი ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.
თუმცა, აცრილი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით უპირობო ლიდერი ისრაელია, სადაც მოსახლეობის 55.3% –ს ვაქცინის ორივე დოზა აქვს მიღებული. 60%–ს კი ვაქცინის ერთი დოზა მაინც . ქვეყანამ, რომელმაც ვაქცინაცია ყველაზე ადრე დაიწყო, კორონავირუსი პრაქტიკულად დაამარცხა. ბოლო დღეებში ისრაელში სიკვდილიანობა პრაქტიკულად აღარ არის. ახალი ინფიცირების შემთხვევები კი მინიმალურია. ქვეყანაში რეგულაციები თანდათან იხსნება.